ირაკლი კობახიძე - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად იმუშავებს
ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ვიზალიბერალიზაციის კუთხით. შესაბამისად, თუ საჭირო გახდება ამ კუთხით პარლამენტის ჩარევა, კანონმდებლობის დახვეწა, ჩვენ ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების ზომებზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთვის პრივილეგიასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა, რაც ქვეყნის ხელისუფლებას სრულად აქვს გაცნობიერებული.
„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის იყო როგორც პრივილეგია, ასევე პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ამ კუთხით. შესაბამისად, საჭირო თუ გახდება ამ კუთხით, მათ შორის, პარლამენტის ჩარევა, კანონმდებლობის დახვეწა, ჩვენ ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.