ირაკლი კობახიძე - ვინმემ რომ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატო-ში, ჩვენი პასუხი იქნება კატეგორიული და ეს იქნება უარი, ამიტომ მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება
ჩვენ რომ ვინმემ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატო-ში, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება კატეგორიული და ეს პასუხი იქნება უარი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის იმ განცხადებაზე, სადაც იენსენი აღნიშნავს: „ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება“.
ირაკლი კობახიძის თქმით, აქედან გამომდინარე, ესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება.
„პირადად ჩემთვის ეს მიდგომა მიუღებელია. ჩვენ შეიძლება იგივე მოცემულობა წარმოვიდგინოთ საქართველოზეც. მსგავს მდგომარეობაშია ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული. ჩვენ რომ ვინმემ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატო-ში, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება კატეგორიული და ეს პასუხი იქნება უარი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.