ირაკლი კობახიძე - ვინც თამაშობს გუნდურ თამაშს, ის იქნება გუნდის ნაწილი, საკონსტიტუციო უმრავლესობას აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა
გუნდურ თამაშს ვინც თამაშობს, ის იქნება გუნდის ნაწილი, საკონსტიტუციო უმრავლესობას აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მცირე გადაადგილებები გუნდში შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და აღნიშნა, რომ გუნდი არის ძლიერი, რომელიც ასეთ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
„გუნდი არის მყარი. რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, როგორც მოხდა დღეს იურიდიული კომიტეტის შემთხვევაში, ასეთი მცირე გადაადგილებები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. გუნდი არის ძლიერი, ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, არ არის ჩვენთვის პრინციპული, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები არ არის შესატანი. მიღებულია და გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პროცესი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ზოგადად საკონსტიტუციო უმრავლესობას აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს „ქართული ოცნება“, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია გუნდის წევრების მოქმედებებზე.
„ვინც თამაშობს ზოგადად გუნდურ თამაშს, ის იქნება გუნდის ნაწილი. მცირე ხარვეზი უკვე გითხარით, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ იმ კავშირზე საუბრობდა ეკა ბესელია, რომელიც რეალურად არ არსებობს. ეს არის რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში გუნდურ თამაშთან, თუმცა, ვნახოთ, მომავალში რამდენად გაგრძელდება მუშაობა ხარვეზებით, თუ ხარვეზების გარეშე. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ გუნდის ერთიანობა“, – განაცხადა კობახიძემ.