ირაკლი კობახიძე - დამატებით ვინ შევა პარლამენტში, მნიშვნელობა აღარ აქვს, ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია
ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, მნიშვნელობა აღარ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში.
„ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია. ეს შარლ მიშელმა განაცხადა. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ეს უკვე არსებითად აღარაფერს ცვლის. ეს არავისთვის არც სუბიექტურად, არც ობიექტურად საინტერესო არ არის, მათ შორის არც ჩვენთვის. მთავარია, რომ პარლამენტი სათანადოდ არის დაკომპლექტებული, ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. მთელი ეს ხელოვნური კრიზისი უკვე წარსულს არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, თუ არ შემოვა, ამას არავისთვის, არც სუბიექტურად და არც ობიექტურად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. შეიძლება უკეთესიც იყოს და ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს ჩადენილი აქვს სავარაუდო დანაშაული, მის წინააღმდეგ წარიმართება ნებისმიერი სისხლის სამართლის გამოძიება. კობახიძის განცხადებით, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი.