ირაკლი კობახიძე - ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც, რაც გაგრძელებაა იმის, რაც ვიხილეთ ამ ადამიანებისგან 2008 წელს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ უკრაინის თემაზე ძალიან მკაფიო პოზიცია გამოხატა და საპარლამენტო რეზოლუციით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.
კობახიძის თქმით, იტოვებენ იმედს, რომ არ დაიწყება უკრაინაში ომი, რაც იქნება მძიმე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.
„მსოფლიოში სულ იყო რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც მიიღო რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი იყო საქართველო, სადაც გამოიხატა ძალიან მკაფიო პოზიცია უკრაინის თემაზე. ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო რეზოლუცია, სადაც მკაფიო სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს და გამოვთქვით ჩვენი სურვილი, რომ ჩვენი წვლილი, ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ ომის არდაშვებაში უკრაინაში. ამაზე ხმამაღალი განცხადება, მგონი, არ შეიძლებოდა, გაკეთებულიყო. დანარჩენი, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ არსებული ვითარებით, არის საკმაოდ მძიმე და რთული ტენდენცია. ჩვენ კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება უკრაინაში, ეს ომი იქნება მძიმე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ევროპისთვის. შესაბამისად, ყველას მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომის არდაშვება და აქ თუ რამე შეგვიძლია, ჩვენ გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. დანარჩენი, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი შესაბამისი რეაქციები, ბუნებრივია, გამოხატული იქნება მოვლენების კვალდაკვალ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა მაქსიმალურად მკაფიოა.
„ჩვენი მხარდაჭერა არის მაქსიმალურად მკაფიო, რაც გამოიხატა საპარლამენტო რეზოლუციაში, ჩვენ მკაფიოდ სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხახლს, გამოვთქვით იმედი, რომ ომი არ დაიწყება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ყველამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი გააკეთოს ომის არდაშვებისთვის, ეს უნდა იყოს ყველას, მათ შორის ჩვენი მთავარი ამოცანა.
ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც, რაც არის მემგონი იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამ ადამიანების მხრიდან 2008 წელს, როდესაც მათ საკუთარი ქმედებებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას. ასეთი ადამიანებისგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ უნდა განისაზღვრებოდეს, და მადლობა ღმერთს, არც განისაზღვრება. მათ უნდა გვაცალონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგია ის, რომ პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნება“, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენი პრაგმატული ნაბიჯები ემსახურება ზუსტად ამ მიზანს და ამოცანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.