ირაკლი კობახიძე - ვიღაცები ცდილობენ, ხელოვნური ბარიერები შეუქმნან სტატუსის მიღებას, ამას ემსახურება განცხადებები, რომლებიც კეთდება სააკაშვილთან, გვარამიასთან, კეზერაშვილთან დაკავშირებით
ვიღაცები ცდილობენ, ხელოვნური ბარიერები შეუქმნან კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამას ემსახურება განცხადებები, რომლებიც კეთდება სააკაშვილთან, გვარამიასთან, კეზერაშვილთან და სხვებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დამნაშავეების პატიმრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირება სპეკულაციაა.
„ვინც ცდილობს, ერთმანეთთან დააკავშიროს კონკრეტული დამნაშავეების პატიმრობა და საქართველოს ევროინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება, მისი თვითმიზანია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ ასეთები არიან ევროპარლამენტარები, სხვა უცხოელები. ეს არის სამწუხარო მოვლენა. ვიღაცები ცდილობენ, ხელოვნური ბარიერები შეუქმნან კანდიდატის სტატუსის მიღებას და სწორედ ამას ემსახურება განცხადებები, რომლებიც კეთდება როგორც სააკაშვილთან, ისე გვარამიასთან, კეზერაშვილთან და სხვებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.