ირაკლი კობახიძე - ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების საშუალება არ მიეცემათ, „ნაცმოძრაობა“ არის პოლარიზაციის მთავარი წყარო
ირაკლი კობახიძე - ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების საშუალება არ მიეცემათ, „ნაცმოძრაობა“ არის პოლარიზაციის მთავარი წყარო

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიმეორეთ იგივე შედეგი, რაც გვქონდა საპარლამენტო არჩევნებზე. დადასტურდა, რომ ექვსთვიანი საბოტაჟი, რომელიც ოპოზიციამ გამოაცხადა თავის დროზე, მთლიანად სიყალბეზე იყო აგებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის საარჩევნო კამპანია გაყალბებასთან დაკავშირებით აბსოლუტური სიყალბე იყო.

„ექვსთვიანი უსაფუძვლო საბოტაჟი გამოაცხადეს, რითაც ქვეყანას მიაყენეს ზიანი. რაც შეეხება მცირე პარტიების შედეგებს, ეს არის ნიშანდობლივი ასპექტი. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს არ მიეცემათ განვითარების საშუალება, რადგან „ნაცმოძრაობა“ არის პოლარიზაციის მთავარი წყარო, რომელიც სივრცეს არ ტოვებს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. როგორც კი საბოლოოდ მოიშლება ეს პოლიტიკური პარტია, ველი გაჯანსაღდება და ამისთვის არის საუკეთესო საფუძველი – ერთი, რომ მათ მძიმე მარცხი იგემეს არჩევნებზე, რომელიც თავად გამოაცხადეს რეფერენდუმად და მეორე – მათი ბელადი არის ციხეში, რასაც ელოდა ქართული საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში. უამრავი დანაშაულის ჩამდენი პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას, დღეს ციხეშია. ამ პირობებში გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, თვისებრივად გავაჯანსაღოთ პოლიტიკური სპექტრი და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. პათოლოგიური ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.