ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, ეთიკის კოდექსის ამოქმედებით საქართველოს პარლამენტში უკეთეს სურათს მივიღებთ
ვფიქრობ, ეთიკის კოდექსის ამოქმედება უზრუნველყოფს უკეთესი სურათის მიღებას საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტზე კომენტარისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტარიზმის ისტორიაში, არამარტო საქართველოში, ფიზიკური დაპირისპირება უჩვეულო მოვლენა არ არის, თუმცა როგორც კობახიძე ამბობს, მათი ამოცანაა, ეს რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ.
„სამწუხაროდ, ჩვენ არაერთი არაეთიკური ქცევა ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში, როგორც ამ მოწვევაში, ასევე წინა მოწვევებში. ეს არ არის, ზოგადად, უჩვეულო მოვლენა პარლამენტარიზმში. არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ხდება ეს ყველაფერი. თუმცა, ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამის რისკი.
ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც ამ კუთხით შევიდა რეგლამენტში, მათ შორის, ამას უკავშირდება ეთიკის კოდექსის ამოქმედება და ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს უკეთესი სურათის მიღებას საქართველოს პარლამენტში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტში 12 დეკემბერს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.