ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ვიხელმძღვანელებთ აბსოლუტურად ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით
პარლამენტიც და იუსტიციის უმაღლესი საბჭოც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იხელმძღვანელებენ, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ავირჩევთ სათანადო კანდიდატებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დღეს გამოქვეყნებული სიის შეფასებისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ის პროცედურა განმარტა, რომელიც კანდიდატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობამდე უნდა გაიარონ.
მისი თქმით, თავდაპირველად საბჭოს მიერ გამოქვეყნებული 144-კაციანი სიიდან 50 კანდიდატი შეირჩევა.
„ეს არის საკითხის განხილვის პირველი ეტაპი. ეს 144-კაციანი სია უნდა დავიდეს 50-კაციან სიამდე. ამ ე.წ. გრძელი სიის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ საბჭოს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ის ჩაივლის საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისად, ყველა ერთად გამოვიტანთ დასკვნებს უკვე პირველ ეტაპზე. ამის შედეგ, გაგრძელდება განხილვა. პროცესი იქნება საჯარო, იქნება ინტერვიუები და გასაუბრება. ამის საფუძველზე მოხდება სიის დაყვანა 20 კაცამდე და ბუნებრივია, ეს პროცესიც ჩაივლის საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. თითოეულ ჩვენგანს ექნება დაკვირვების საშუალება და ამის შემდეგ უკვე საბოლოოდ მოხდება 20 კანდიდატის წარდგენა პარლამენტისთვის. საბოლოო ჯამში, პარლამენტი ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ ყველა შესაბამისი ობიექტური კრიტერიუმით; ეს არის – გამოცდილება, კვალიფიკაცია, წარსული, დღევანდელი საქმიანობა. ეს არის ყველა ობიექტური კრიტერიუმი, რომელიც არის ასახული მათ შორის ჩვენ მიერ მიღებულ კანონში.
ჩვენი გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. ბუნებრივია, საბჭოც ამავე კრიტერიუმით იხელმძღვანელებს და ეს იქნება გარანტია და საფუძველი იმისა, რომ ავირჩევთ სათანადო კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლების პოზიციებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია დღეს გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა. სიაშია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.