ირაკლი კობახიძე - უნგრეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, დარწმუნებული ვართ, ეს პოზიცია არ შეიცვლება
ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკება არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი უნგრეთთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას მოახერხებს და უზრუნველყოფილი იქნება ამ ქვეყნის მხრიდან იმ პოზიციის დაკავება, რომელიც ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესებში შედის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს „პოლიტიკოს“ ინფორმაციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც ორბანი კიევის მხარდაჭერის თაობაზე სტრატეგიის გადახედვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება.
„ეს არის ამ ორი მხარის საქმე და დარწმუნებული ვართ, ევროკავშირს მოლაპარაკების წარმატებით დასრულება არ გაუჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ საქართველოს მიმართ უნგრეთის დამოკიდებულებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია.
„უნგრეთის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას რაც შეეხება, იცით, რომ უნგრეთი არის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი და დარწმუნებული ვართ, ეს პოზიცია არ შეიცვლება“, – აღნიშნა კობახიძემ.