ირაკლი კობახიძე - უმჯობესია, რომ განსაკუთრებული ყურადღებით არ მოვეკიდოთ იმ განცხადებებს, რომელიც უკავშირდება არალეგიტიმურ არჩევნებს და რეფერენდუმს
რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ასეთ არალეგიტიმურ განცხადებებს, მით უკეთესი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიზემ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
კობახიძის თქმით, მსგავსი განცხადებების იგნორირება უნდა მოხდეს.
„ამ ყველაფერს ე.წ. წინასაარჩევნო მიზანი აქვს, ე.წ. არჩევნები ტარდება ე.წ. სამხრეთ ოსეთში და ზუსტად ე.წ. წინასაარჩევნო მიზნებისთვის კეთდება ხოლმე ტრადიციულად ასეთი განცხადებები, ესეც არის პირდაპირ დაკავშირებული „არჩევნებთან“. რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ასეთ არალეგიტიმურ განცხადებებს, მით უკეთესი იქნება. უმჯობესია, რომ განსაკუთრებული ყურადღებით არ მოვეკიდოთ იმ განცხადებებს, რომელიც უკავშირდება არალეგიტიმურ არჩევნებს და არალეგიტიმურ რეფერენდუმს. ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ ვიღაცამ მოუსმინოს ცხინვალის რეგიონში და მეტი მოტივაცია ჰქონდეს, ბიბილოვის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს. ამიტომ, ამ განცხადებას რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ, მით უკეთესი იქნება განცხადების ავტორისთვის. ამიტომ, უმჯობესი იქნება, იგნორი უნდა გავუკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ პროცედურის დასაწყებად, „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოს უნდა მიმართოს.