ირაკლი კობახიძე - უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი და მეორე ფრონტისკენ საუკეთესო გზა პროვოკაციების მოწყობაა, მთავარია, საზოგადოება პროვოკაციებს არ აჰყვეს
უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი და მეორე ფრონტისკენ მიმავალი საუკეთესო გზა არის პროვოკაციების მაქსიმალურად მოწყობა. ასეთი პროვოკაციები ასეთ სურვილს და განზრახვას უკავშირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსეთის მოქალაქე ქართველებს ლანძღავს, თითქოს საქართველოშია, თუმცა ახლახან გაირკვა, რომ ეს ადამიანი კიევში ცხოვრობს და საქართველოში არც იმყოფება. რას ემსახურება მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია?“
„ეს არ არის პირველი ფაქტი, თუ არ ვცდები, ასეთი მეხუთე თუ მეექვსე ვიდეო ვრცელდება უკვე სოციალურ მედიაში. თქვენ იცით, რომ უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი და მეორე ფრონტისკენ მიმავალი საუკეთესო გზა არის პროვოკაციების მაქსიმალურად მოწყობა. ასეთი პროვოკაციები ასეთ სურვილს და განზრახვას უკავშირდება. მთავარია, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს ეს პროვოკაციები და პროვოკაციებს არ აჰყვეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.