ირაკლი კობახიძე - უკრაინასა და მოლდოვაში ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება კომპენსირება, ამის არ უნდა შეგვშურდეს, ევროკომისიის მხრიდან თანხების გამოყოფა აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა
ევროკომიისიის მხრიდან თანხების გამოყოფა აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა, უკრაინასა და მოლდოვაში ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება კომპენსირება, ამის არ უნდა შეგვშურდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის კითხვაზე, რომლის თანახმადაც: „135 მილიონ ევროს გადაურიცხავს ევროკომისია მოლდოვას დ აუკრაინას, რომელიც განკუთვნილი იყო რუსეთისა და ბელარუსისთვის, ოპოზიციის განცხადებით, საქართველოს ჩამონათვალში არყოფნა ნიშნავს, რომ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს“.
„ეს რეალურად ნიშნავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში და მოლდოვა, რა თქმა უნდა, ნაკლებად, თუმცა არის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. მარტო ეს ორი წელი რომ ავიღოთ, შარშანდელი და წლევანდელი წელი, რაც არის ეკონომიკური ზრდის მონაცემები, მარტო ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა იზრდება 8 მილიარდი დოლარით. ეს არის უზარმაზარი სხვაობა, რაც ჩვენ გვექნება წლის ბოლოს მოლდოვასთან. მოლდოვისთვის ეს არის უმძიმესი დარტყმა, მისი ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში, შესაბამისად, ამას სჭირდება კომპენსირება. რაც შეეხება უკრაინას, შარშან უკრაინას ჰქონდა 30 პროცენტზე მეტი ეკონომიკური ვარდნა და წლევანდელი პირველი კვარტალი, მეორე არ ვიცი, იყო მინუს 10 პროცენტი. რა თქმა უნდა, ამასაც სჭირდება კომპენსირება. როდესაც ამ თანხების გამოყოფა ხდება ევროკომისიის მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. უკრაინასა და მოლდოვაში ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება კომპენსირება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.