„უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძემ გასული კვირის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაჯამა.
„კიდევ ერთხელ გვინდა, აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა „უცხოელი აგენტების შესახებ“ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა:
– პირველ რიგში, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო – ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის;
– საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოური გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას, უპირისპირდებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ა.შ., სინამდვილეში არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან;
– გარდა ამისა, კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ „ენჯეოების“ ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას. შეგახსენებთ, რომ „ენჯეოების“ მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტების ხელით „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ. კანონპროექტი, რომლის ერთადერთი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო, ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პროცესებმა აჩვენა, რომ სადაც არის „ნაცმოძრაობა“, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში.
„გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ – გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ნაცმოძრაობა“ უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები. 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა – 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა „ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან.
იმავე ლოგიკით, 2012 წლამდე „ნაცმოძრაობის“ მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი სახალხო დამცველზე „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან უცხოური გავლენის აგენტს არ დაუგმია.
ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის „ნაცმოძრაობა“, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში.
გასულ კვირაში სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავებს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე.
„ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ.
ხელისუფლებისა და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ „ნაცმოძრაობა“ „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და, მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი.
უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც. თუმცა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც. სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“, „სირცხვილიასთან“ და „დროასთან“ ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა „ფრანკლინის კლუბის“ აქტიურობა. „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე.
„ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს, არსებითად, ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია – კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე ერთ ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და გიული ალასანიას მიერ ასევე ერთ ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი“. აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი „ნაციონალები“, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. „ფრანკლინის კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, გასულ კვირაში, არსებითად, სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა.
„ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორებიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.
აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე. გარდა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებებისა, ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, „ენჯეოების“ წარმომადგენლები, ისევე როგორც რიგითი „ნაციონალები“. ლიბერალური ფაშიზმი „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოხატულებაა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. აგრეთვე, დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი – ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს. შემაშფოთებელი იყო „ნაციონალი“ ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალი“ ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ხელწერაა.
დასასრულს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გვინდა, განვაცხადოთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არაფერი ჰქონდა საერთო რუსულ კანონთან. ამგვარი კანონები დიდი ხანია მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ისრაელში. ამჟამად აქტიურად განიხილება ანალოგიური კანონების მიღება ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციისა და მისი მფარველების მიერ წარმოებული კამპანია ე.წ. რუსული კანონის შესახებ თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო დაფუძნებული. ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც „ენჯეოების“ დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად. ეს იყო ერთგვარი „საუკუნის პიართაღლითობა“, რომლის მთავარი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო. ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჰუმანური, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო სისტემა, რომელიც დგას და კვლავაც მყარად იდგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას შარშანწინ, შარშან ან წელს თავისი რევოლუციური გეგმები რომ აღესრულებინა, თბილისში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა.
„რაც შეეხება რუსულ ფაქტორს: სრული პასუხისმგებლობით გვინდა, განვაცხადოთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას შარშანწინ, შარშან ან წელს თავისი რევოლუციური გეგმები რომ აღესრულებინა, თბილისში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ საქართველოში რუსულ ტანკებს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს.
დღეს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა იმის გარანტი, რომ საქართველოში არ განხორციელდება მეორე ფრონტის სცენარი, რაც ჩვენს ქვეყანას რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ინტერვენციას და უკრაინაზე მძიმე შედეგებს მოუტანდა.
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას და განაგრძობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ. ღრმად გვწამს, რომ ევროკავშირის წევრობა არა ღირსებისა და დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, მონური დამოკიდებულებითა და ცალ ფეხზე დგომით, არამედ მხოლოდ ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.