ირაკლი კობახიძე - უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ გეგმას, როგორ გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება, საქართველო იქნება თავიდან ბოლომდე მზად დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მისაღებად
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტისას შეხვედრებზე დეტალურად იყო განხილული 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში წარმოადგენს გეგმას, როგორ გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება.
„მნიშვნელოვანი ვიზიტი, მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო. მათ შორის, შეხვედრებზე დეტალურად იყო განხილული 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები, კონკრეტული წინადადებები იყო წარმოდგენილი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება. კერძოდ, წარმოვადგენთ გეგმას, როგორ გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება. უახლოეს მომავალში ძალიან ზუსტი გეგმა იქნება წარდგენილი საზოგადოების, პარტნიორების წინაშე ამასთან დაკავშირებით. საქართველო იქნება თავიდან ბოლომდე მზად, რათა ოქტომბრის ბოლოს ევროკომისიამ წარმოადგინოს დადებითი დასკვნა და დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საქართველო, საქართველოს ხელისუფლება იქმნება ბოლომდე პირნათელი ამ თვალსაზრისით და იმედი გვაქვს, წელს მაინც გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში, სადაც სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.