ირაკლი კობახიძე - თვის ბოლომდე ყველა პუნქტი 100 პროცენტით შესრულდება, ვნახოთ, ევროკომისიის პოზიცია რა იქნება, სადაც ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, ყველა პუნქტი პირნათლად შევასრულეთ
ირაკლი კობახიძე - თვის ბოლომდე ყველა პუნქტი 100 პროცენტით შესრულდება, ვნახოთ, ევროკომისიის პოზიცია რა იქნება, სადაც ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, ყველა პუნქტი პირნათლად შევასრულეთ

თავიდანვე ვთქვით, რომ ივნისის ბოლომდე დასრულდებოდა 12 პუნქტზე მუშაობა და ამ პირობას პირნათლად ვასრულებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სადაც იყო ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ყველგან იმოქმედა სრული პასუხისმგებლობით და ყველა პუნქტი პირნათლად შესრულებულია.

„ჩვენს დღის წესრიგს რაც შეეხება, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას, ჩვენ თავის დროზე წარვადგინეთ გეგმა. ამ გეგმას მივყვებით, 12 პუნქტთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი წელია, გრძელდება მუშაობა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ამ წლის ივნისის ბოლომდე დასრულდებოდა 12 პუნქტზე მუშაობა და ამ პირობას პირნათლად ვასრულებთ. სესიის დასრულებამდე ყველა კანონი გვექნება მიღებული, რომელიც დაკავშირებულია 12 პუნქტთან. დარჩენილია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, დავამტკიცეთ ამ კვირაში სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა. ყველა ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი წარიმართება. ჩვენ მივიღეთ ყველა შესაბამისი კანონი. რეალურად, ერთი კანონი დარჩა მისაღები. ამის შემდეგ ჩვენ უკვე დეტალურად წარვადგენთ საზოგადოების წინაშე ანგარიშს, იმასთან დაკავშირებით, შინაარსობრივად როგორ შესრულდა თითოეული პუნქტი.

ჩვენ ვართ ბოლომდე პირნათელი თითოეული პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. სადაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, ყველა პუნქტი არის პირნათლად შესრულებული. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა ცალმხრივად ვერ იქნება – დეპოლარიზაციის განხორციელებას სჭირდება ორმხრივი ძალისხმევა. აქედან გამომდინარე, ამაზეც გვექნება, ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია დასაფიქსირებელი და დავაფიქსირებთ. სადაც იყო ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობა, ეს უკავშირდებოდა, მათ შორის, კანონების მიღებას, თანამდებობის პირების არჩევას, ყველგან ვიმოქმედეთ სრული პასუხისმგებლობით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება პარტნიორებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით.

„შემოდგომაზე გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში, სადაც აისახება, მათ შორის, ინფორმაცია, როგორ აფასებენ თითოეული პუნქტის შესრულებას. ინტერესით დაველოდებით ამ დოკუმენტს. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ თვის ბოლომდე ყველა პუნქტი იქნება 100 პროცენტით შესრულებული. ვნახოთ, რა იქნება ევროკომისიის პოზიცია. ამის შემდეგ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით მზად ვართ დისკუსიისთვის. თუ იქნება სადმე დასაბუთებული შენიშვნა, კიდევ არის დრო, რათა ყველაფერი გასწორდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება საფუძვლიანი დისკუსია თითოეულ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.