ირაკლი კობახიძე - თურმე „ნაცმოძრაობას“ და ვაშაძეს უნდა ვკითხოთ, ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე, პრეზიდენტმა ჩაატარა კონკურსი, მაგრამ თქვა, რომ აინტერესებს „ნაცების“ აზრი და არა კონკურსის შედეგები
ირაკლი კობახიძე - თურმე „ნაცმოძრაობას“ და ვაშაძეს უნდა ვკითხოთ, ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე, პრეზიდენტმა ჩაატარა კონკურსი, მაგრამ თქვა, რომ აინტერესებს „ნაცების“ აზრი და არა კონკურსის შედეგები

პრეზიდენტი ცესკო-ს შემთხვევაშიც ქმნიდა ხელოვნურ კრიზისს, ჩვენ კი პასუხისმგებელი ვართ კონსტიტუციური ორგანოების სათანადო ფუნქციონირებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვთქვით, რომ არავითარ პოლიტიკურ პოლემიკაში არ შევალთ პრეზიდენტთან, მაგრამ როცა პრეზიდენტი საფრთხეს უქმნის სხვადასხვა კონსტიტუციურ ინსტიტუტს, იქ, რა თქმა უნდა, სხვა კონსტიტუციურ ინსტიტუტებს მივანიჭებთ უპირატესობას და დავიცავთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით არსებობდა 19 აპრილის აბსურდული, სამარცხვინო შეთანხმებიდან გადმოტანილი აბსურდული ჩანაწერები, რაც მსოფლიოში არსად არ არსებობს.

„თურმე „ნაცმოძრაობას“ და ვაშაძეს უნდა ვკითხოთ, ცესკო-ს თავმჯდომარე ვინ იქნება. ეს არ არის სწორი. როცა საპარლამენტო უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს კომპეტენტური ადამიანი, ის პასუხისმგებელია ამაზე. მსოფლიოში რატომ არსად არ ირჩევა ცესკო-ს თავმჯდომარე კვალიფიციური უმრავლესობით? აქ არის კონკრეტული პასუხისმგებლობა. მმართველ გუნდს აქვს პასუხისმგებლობა, რომ დამოუკიდებელი და კომპეტენტური ადამიანი ხელმძღვანელობდეს ცესკო-ს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედეთ, როდესაც კალანდარიშვილი და ცესკო-ს ორი წევრი ავირჩიეთ თანამდებობაზე და როდესაც მათ ყოველგვარი შენიშვნის გარეშე ჩაატარეს არჩევნები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გამოდის და ამბობს, რომ რადგან „ნაციონალებმა“, ვაშაძემ და უსუფაშვილმა ხმა არ მისცეს, ამიტომ აღარ წარმოადგენს კალანდარიშვილის კანდიდატურას, რაც თითიდან გამოწოვილი საბაბია.

„ვაშაძეს უნდა სდიოს პრეზიდენტმა, როცა კანდიდატურას წარადგენს? უნდა სდიოს არა ვაშაძეს, უსუფაშვილს, ბეჟაშვილს და ბოკუჩავას, არამედ კონკურსს. პრეზიდენტმა ჩაატარა კონკურსი და კონკურსმა გამოავლინა, რომ კალანდარიშვილი და ეს ორი ადამიანი კვლავაც იყვნენ საუკეთესო კანდიდატები, მაგრამ პრეზიდენტმა, ბოდიში და, ფეხზე დაიკიდა კონკურსი და თქვა, რომ აინტერესებს არა კონკურსი და ობიექტური კრიტერიუმები, არამედ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა. ეს არის პრეზიდენტის მიდგომა. ანუ, აინტერესებს „ნაცების“ აზრი და არა კონკურსის შედეგები, როცა კონკურსია განმსაზღვრელი. ელემენტარულად, დისკრიმინაციული მიდგომაც იყო აქ და დისკრიმინაცია არჩია. ანუ, ობიექტური გადაწყვეტილება არ მიიღო“, – განაცხადა კობახიძემ.