ირაკლი კობახიძე - თუ ვინმე არღვევს გუნდური თამაშის წესებს, ჩვენი რეაგირება აუცილებელია, ოღონდ რეაგირება იქნება მაქსიმალურად რბილი
თუ ვინმე არღვევს გუნდური თამაშის წესებს, იქ ჩვენი რეაგირება აუცილებელია, ოღონდ ეს რეაგირება იქნება მაქსიმალურად რბილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რბილი მიდგომების საფუძველზე გასულ წელს უმრავლესობის რიგები მხოლოდ დავით ჭიჭინაძემ დატოვა.
„მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ინდივიდუალურ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევალ, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ყველაფერი იქნება მშვიდად და რაც მთავარია, გუნდში უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა და ერთიანობა. შარშან ამ დროსაც კონკრეტული დეპუტატები უშვებდნენ შეცდომებს და ამ შეცდომებს გაეცა შესაბამისი პასუხი, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობდით, რათა ერთიანობა შეგვენარჩუნებინა და ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც უმრავლესობის დატოვება მოუწია, მოგეხსენებათ ვინც იყო. შესაბამისად, აქაც ჩვენი სულისკვეთება იქნება იგივე. გვინდა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ერთიანობა, თუმცა ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ დაიცვან წესრიგი. თუ ვინმე არღვევს გუნდური თამაშის წესებს, იქ ჩვენი რეაგირება აუცილებელია, ოღონდ ეს რეაგირება იქნება მაქსიმალურად რბილი. ზუსტად ამ რბილი მიდგომის საფუძველზე მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დატოვა უმრავლესობა წინა შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც ჩვენი მიდგომა იქნება რბილი და ვეცდებით, რომ ყველას შიგნით ავუხსნათ თუ რა არის წესი და რა არ უნდა დაირღვეს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.