ირაკლი კობახიძე - თუ სადმე არიან „ნაცმოძრაობის“ ნარჩენი კლანები, მათ ყოველთვის იცავენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას უტევენ
თუ სადმე არიან „ნაცმოძრაობის“ ნარჩენი კლანები, მათ ყოველთვის იცავენ ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას უტევენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ტერმინი კლანი ძალიან ხშირად გვესმის. არის პოლიტიკური შეტევა და შტურმი სასამართლოზე. თავის დროზე გახსოვთ, როდესაც ნამდვილი კლანი იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში, გახსოვთ, რომ გიორგი პაპუაშვილი იყო კლანის ხელმძღვანელი, რომელსაც ერთ-ერთ კოლეგიაში ჰყავდა სამი ერთგული მოსამართლე და ამ კოლეგიას აწერდა ყველა საქმეს, რაც იყო პოლიტიკურად სენსიტიური. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოყალიბებული იყო ნამდვილი კლანი. მაშინ, 2016 წელს განიხილებოდა პარლამენტში კანონი, რომლითაც მხოლოდ კვორუმი გაიზარდა საქმეთა გადაწყვეტის და გახსოვთ, რომ რიგი იდგა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული „ენჯეოების“ იმის თაობაზე, ვის უნდა შეეტანა სარჩელი და ვის უნდა გაეკრიტიკებინა შესაბამისი ინიციატივა. მხოლოდ კვორუმის გაზრდაზე იყო საუბარი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ რეალურად არიან „ნაცმოძრაობის“ ნარჩენი კლანები, მათ ყოველთვის იცავენ ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს უტევენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგ წავიდა.