ირაკლი კობახიძე - თუ საჭირო გახდება, ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე პროცესებში ჩავერევი
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებას გეგმავს.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბორჯომის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდა მისი ჩარევა, პოზიტიური კუთხით ჩაერევა პრობლემის მოსაგვარებლად.
„ჩვენი მიზანია, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება არ შეფერხდეს და ბორჯომის მოსახლეობა იმ მომსახურებებით უზრუნველყოფილი იყოს, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან მიეწოდებათ. როგორც პარტიული ლიდერი, იქ არსებული ვითარებით დავინტერესდები და თუ ჩარევა საჭიროა, პოზიტიური კუთხით ჩავერევი, რომ პრობლემა მოგვარდეს”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების დარიცხვა ვერ შეძლეს.
ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს ხელფასების რეგულირების საკითხი, ასევე საშტატო ნუსხა დამტკიცებული არ ჰქონდა.
18 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერია ხელფასების გაზრდილი ოდენობით დამტკიცებას ითხოვდა, რასაც დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
თებერვალში ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო.