ირაკლი კობახიძე - თუ კანაფის კულტივაციას საზოგადოებისთვის ზიანი არ მოაქვს და ეკონომიკისთვის სარგებელი დიდია, უარი რატომ უნდა ითქვას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოდან კანაფის წარმოება-კულტივაციის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტის გაწვევა არ იგეგმება.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, საკითხზე კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება. პარლამენტის სპიკერის ცნობით, საპატრიარქოს მიმართ ხელისუფლების თხოვნა იყო, რომ გარკვეული კონსულტაციები შედგეს და ინფორმაციის გაცვლა მოხდეს.
„ჩვენთვის მთავარია, საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითვალისწინებს ცვლილებები. საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიეწოდებოდა იმის თაობაზე, თითქოს, ცვლილებები ნარკოტიკების წარმოებას ითვალისწინებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინფორმირებაა. კონსულტაციები იქნება და გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მივიღებთ. არჩევნებიდან გამომდინარე საკმაოდ რთული სამუშაო რეჟიმი გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გვექნება შესაბამისი დრო, რათა აქტიური კონსულტაციები დავიწყოთ. ამაზე სხვადასხვა დროსა და სეგმენტთან შეხვედრები გაიმართა, თუმცა ინტენსიური კონსულტაციების საშუალებას გრაფიკი როგორც კი მოგვცემს, დავიწყებთ. ამ საკითხზე საუბარი პირადად პატრიარქთან გვქონდა. სურვილი გამოვხატეთ, რომ საქმის კურსში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავაყენოთ, თუ რა ინიციატივაზე იყო საუბარი, კონსულტაციები ვითხოვეთ და მათთან შეხვედრა აუცილებლად შედგება“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დეტალური გათვლები არსებობს, რომ ამ ცვლილებების შედეგად სარგებელი შეიძლება ძალიან დიდი იყოს.
„თუ ამას საზოგადოებიათვის ზიანი არ მოაქვს და ეკონომიკისთვის სარგებელი ძალიან დიდია, ამაზე უარი რატომ უნდა ითქვას? – ეს ჩვენი მთავარი არგუმენტია. ვხედავთ, რომ სერიოზული პრობლემებია ეკონომიკური მონაცემებიდან გამომდინარე და რაც 2012 წელს დაგვხვდა. ჩვენი ამოცანაა, რომ სიღარიბე აღვმოვფხვრათ საშუალოვადიან პერსპექტივაში და თუ შესაბამისი ინიციატივები იქნება, ამას შეიძლება, ათი წლის ნაცვლად, ექვსი წელი დასჭირდეს. თუ ინიციატივა ზიანის მომტანი არ არის, ამაზე უარი რატომ უნდა ვთქვათ? საუბარია საზოგადოებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სწორედ იმიტომ არ ვამბობთ უარს, რომ საზოგადოებისა და საპატრიარქოს ინფორმირება გვინდა იმის თაობაზე, რომ ზიანი არ დგას და მეორე მხრივ, ეს დიდი სარგებელის მომტანია. თუ ამაში ერთად დავრწმუნდებით, განხილვის გაგრძელების გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა კობახიძემ.