ირაკლი კობახიძე - ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერი კომპრომისი ჩვენთვის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია
ირაკლი კობახიძე - ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერი კომპრომისი ჩვენთვის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენთვის არის წითელი ხაზი ყველა სხვა საკითხთან მიმართებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს რუსული გამოცემა „იზვესტიას“ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ მათთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ევროკავშირს შეუძლია, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ნაწილობრივ გაწევრიანების ვარიანტი განიხილოს, დნესტრისპირეთი, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე“. „საქართველოს და მოლდოვის ევროპული მომავალი არ შეიძლება, აღმოჩნდეს კონფლიქტების მძევალი. ეს იყო დადასტურებული ევროკავშირის უმაღლეს დონეზე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას“, – განაცხადა სტანომ.

როგორც ამ ინფორმაციის კომენტირებისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მას თავად არ მოუსმენია სტანოს განცხადება, თუმცა ზოგადად, ნებისმიერი კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია.

„ვერცერთ ჭრილში ვერ განიხილება ის თემა, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის დათმობა. ასეთი საუბარი ჩვენთვის მიუღებელია. მე არ მომისმენია თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლის, პიტერ სტანოს ეს კომენტარი, მაგრამ ზოგადად, ნებისმიერი კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ჩვენთვის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანაა ბუნებრივია მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – აღნიშნა კობახიძემ.