ირაკლი კობახიძე - სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველოსა და ნატო-ს შორის შავი ზღვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით საინტერესოა
ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებისა და ფორმატის ამუშავება, რამაც შეიძლება, უფრო მჭიდრო გახადოს თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის და სტრატეგიული თვალსაზრისით, შავი ზღვის კუთხით ასეთი თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით საინტერესოა, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს მიერ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის დამტკიცებას.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ასრულებს ალიანსის მხრიდან დადგენილ ყველა მოთხოვნას და მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება მიღებული.
„ყველამ იცის, რომ საქართველო ყველანაირი თვალსაზრისით მართლაც მზად არის. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სთან და სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დადგენილია ნატო-ს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი მეგობრები ნატო-დან ხშირად ამბობენ საუბრებში, რომ საქართველო იმაზე მეტად არის მზად ალიანსში გაწევრიანებისთვის, ვიდრე ნატო-ს არაერთი ქვეყანა. თუმცა, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და იმედი გვაქვს, საშუალოვადიან პერსპექტივაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებისა და ფორმატის ამუშავება, რამაც შეიძლება, უფრო მჭიდრო გახადოს თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის. რა თქმა უნდა, შავი ზღვის კუთხით ასეთი თანამშრომლობის გაღრმავება არის განსაკუთრებით საინტერესო სტრატეგიული თვალსაზრისით და იმედი გვაქვს, ესეც დამატებით წვლილს შეიტანს იმ თვალსაზრისით, რომ დავუახლოვდეთ ნატო-ს სხვადასხვა კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნატო-მ ე.წ. შავი ზღვის პაკეტი დაამტკიცა. როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, აღნიშნული პაკეტი აერთიანებს ზომებს, რომელთა მიზანია, შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, განმტკიცება.