ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველოსა და ნატო-ს შორის შავი ზღვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით საინტერესოა

15:08, 05.04.2019

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებისა და ფორმატის ამუშავება, რამაც შეიძლება, უფრო მჭიდრო გახადოს თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის და სტრატეგიული თვალსაზრისით, შავი ზღვის კუთხით ასეთი თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით საინტერესოა, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს მიერ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის დამტკიცებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ასრულებს ალიანსის მხრიდან დადგენილ ყველა მოთხოვნას და მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება მიღებული.

„ყველამ იცის, რომ საქართველო ყველანაირი თვალსაზრისით მართლაც მზად არის. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სთან და სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დადგენილია ნატო-ს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი მეგობრები ნატო-დან ხშირად ამბობენ საუბრებში, რომ საქართველო იმაზე მეტად არის მზად ალიანსში გაწევრიანებისთვის, ვიდრე ნატო-ს არაერთი ქვეყანა. თუმცა, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და იმედი გვაქვს, საშუალოვადიან პერსპექტივაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებისა და ფორმატის ამუშავება, რამაც შეიძლება, უფრო მჭიდრო გახადოს თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის. რა თქმა უნდა, შავი ზღვის კუთხით ასეთი თანამშრომლობის გაღრმავება არის განსაკუთრებით საინტერესო სტრატეგიული თვალსაზრისით და იმედი გვაქვს, ესეც დამატებით წვლილს შეიტანს იმ თვალსაზრისით, რომ დავუახლოვდეთ ნატო-ს სხვადასხვა კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნატო-მ ე.წ. შავი ზღვის პაკეტი დაამტკიცა. როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, აღნიშნული პაკეტი აერთიანებს ზომებს, რომელთა მიზანია, შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, განმტკიცება.

მსგავსი