ირაკლი კობახიძე - სტრატეგიულ პარტნიორებთან პრიორიტეტები განისაზღვრება ორმხრივად, რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით
აშშ და ჩინეთი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ორივე არის ზესახელმწიფო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ორივე მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ ნიშნავს აშშ-ის ელჩთან შეხვედრამდე ჩინეთის ელჩთან შეხვედრა, სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, სახელმწიფოს პრიორიტეტების გადალაგებას.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ორმხრივია და პრიორიტეტებიც ამის მიხედვით განისაზღვრება.
მისი თქმით, საქართველო ჩინეთისგან დიდ ინტერესს ხედავს, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც გამოიხატება.
„რა თქმა უნდა, აშშ-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი პარტნიორობის ისტორია, ჩინეთთან შარშან დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა, შარშან მოეწერა შესაბამის შეთანხმებას ხელი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. რაც შეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები არის არამხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. ურთიერთობა ორმხრივი საქმეა, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად.
რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული. მაგალითად, ძალიან გააქტიურებული გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართული, რაც მნიშვნელოვანია, რათა სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. ასევე იცით, რომ ჩინეთთან ხელმოწერილი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს, გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან. ჩინური მხარის გადაწყვეტილებით, კოვიდის შემდეგ ძალიან მალე აღდგა პირდაპირი ფრენები. ასევე, თქვენ ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მაქსიმალურად განვითარება და გაღრმავება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის მხრიდან ბოლო წლებში სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით ინტერესი შესუსტებული იყო, რაც გამოიხატებოდა პროტოკოლურ საკითხებშიც.
მისივე თქმით, აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე გამოიხატა ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური ურთიერთობის დამყარების სურვილი.
„რაც შეეხება აშშ-ს, აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გამოვლინება იმისა, თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები ქვეყნებს შორის არ შემდგარა უკვე არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება, მათ შორის, პროტოკოლურ საკითხებშიც. მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით ალბათ უკვე მე-8 წელია, უმაღლეს დონეზე არცერთ პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები.
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. მე დღეს მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიხატა სურვილი, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც აშშ-თან, ისე ჩინეთთან, დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის ქვეყნებზე. ურთიერთობები არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი საკითხი. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება პროცესები სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი. გვინდა როგორც აშშ-თან, ისე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.