ირაკლი კობახიძე - სტიქიის ზონაში ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული, ამაზე საუბრობდა შს მინისტრი, რომ ყველა რესურსი იყო გამოყენებული, ყველაფერი, რისი იდენტიფიცირებაც იყო შესაძლებელი
ირაკლი კობახიძე - სტიქიის ზონაში ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული, ამაზე საუბრობდა შს მინისტრი, რომ ყველა რესურსი იყო გამოყენებული, ყველაფერი, რისი იდენტიფიცირებაც იყო შესაძლებელი

სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი, უბრალოდ, არ ჰქონდათ. საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, წარმოუდგენელი ტყუილია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ ოფისში, ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რაშია საქმე. არსებობს დრონები, რომლებიც აქვს სამაშველო სამსახურს, ასევე ვერტმფრენები. როდესაც საუბარია ვერტმფრენებზე ღამის ხედვის საშუალებით, აქ საუბარი არ არის მაინცდამაინც პროჟექტორებზე. არის სპეციალური აპარატურა, რომელიც დამონტაჟებულია ვერტმფრენში და იძლევა უბრალოდ ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, ეს არის და ეს. ზუსტად იმავეს გაკეთება, ბუნებრივია, შეუძლია დრონს. ვერტმფრენი თავისი ღამის ხედვის აპარატურით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის ლოკაციიდან მყისიერად გამოყვანა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული მანამდეც, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო შესაძლებელი და ვერტმფრენების ჩართვას უბრალოდ არ ჰქონდა დამატებითი, რაციონალური საშუალება. ეს არის ის, რაც განმარტა შს მინისტრმა.

მანამდე, შეგახსენებთ, საღამოს 20:00 საათისთვის იყო საშუალება, სრულად დათვალიერებულიყო როგორც ღვარცოფის მასის არეალი, ასევე დამატებით გარშემო სივრცეც, როგორიც არის ტყის მასივი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბრობდა შს მინისტრი, რომ ყველა რესურსი იყო გამოყენებული. ყველაფერი, რისი იდენტიფიცირებაც იყო შესაძლებელი, მოხდა ყველაფრის იდენტიფიცირება, ამიტომ აღარ იყო საჭირო რაიმე დამატებითი რესურსის ჩართვა. რომ ყოფილიყო, მაგალითად, ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება, არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით, უბრალოდ არ არსებობდა. ასევე იყო სპეკულაციები. არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, არის წარმოუდგენელი ტყუილი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს სტიქიას გადარჩენილის, დავით ჯელაძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით. კობახიძემ აღნიშნა, რომ ბევრად უსაფრთხო იყო იმავე ნაპირზე დარჩენა.

„მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით ვერაფერს მაგასთან დაკავშირებით. კიდეებში მასის სიმაღლე იყო დაბალი, შესაბამისად, იქიდან გამოსვლა იყო შესაძლებელი და ყველა ასეთი ადამიანის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი უახლოეს პერიოდში. ამაზე მაქვს საუბარი, რომ ვინც გადაურჩა ღვარცოფულ მასას, ყველას იდენტიფიცირება მოხდა დაღამებამდე. ვინც მოჰყვა თვითონ ამ მასაში, მისი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მასაში მოყოლილ ადამიანებზე როდესაც არის საუბარი, იქ გამოსვლა იყო უბრალოდ შეუძლებელი. ამ ფოტოზე დეტალები გასარკვევია. უბრალოდ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ან რატომ, როგორ შეიძლება გადმოხვიდე, არ ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.