ირაკლი კობახიძე - სიმბოლურია, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 98 წლისთავზე, სერიოზულად ვმსჯელობთ კანონზე, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
სიმბოლურია, როცა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღიდან 98 წლისთავზე, სერიოზულად ვმსჯელობთ ისეთი კანონის მიღებაზე, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ საკითხზე გამოსვლისას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარლამენტში დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობენ.
„დღეს არის 21 თებერვალი, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღე. სიმბოლურია, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში, პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 98 წლისთავზე, სერიოზულად ვმსჯელობთ ისეთი კანონის მიღებაზე, რომელიც ტექსტობრივად უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ბუნებრივია, ეს არის დაუშვებელი. დღეს გამოსვლა არ მინდოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არაერთხელ იყო ნახსენები საქართველოს კონსტიტუცია, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემი კომენტარები გამეკეთებინა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, აღნიშნული საკითხის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტი გაიმიჯნოს.
„ზოგადად, ამ საკითხის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. ითქვა, რომ უმრავლესობა მზად არის, განიხილოს ეს საკითხი, იმსჯელოს, რა თქმა უნდა, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში. მეტსაც გეტყვით, ეკა ბესელიამ გაიხსენა ეს, როცა შარშან გვქონდა მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში ერთ-ერთმა ჩვენმა უცხოელმა კოლეგამ მაშინაც დააყენა აღნიშნული საკითხი და იქ მე გამოვხატე ჩემი პირადი დადებითი პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განმარტებით, შესაბამისად, პოლიტიკური პოზიცია არის ცხადი, რომელიც გუშინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.
„ამ საკითხის პოლიტიკური მხარე არის ნათელი. მეორე არის სამართლებრივი მხარე და აქ პირველ რიგში, მხედველობაში უნდა მივიღოთ ამ ინიციატივის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან. აქ სიტუაცია ძალიან მარტივია. არის შემთხვევები, როდესაც კანონის კონსტიტუციურობის დადგენას სერიოზული სამართლებრივი, მეცნიერული წიაღსვლებიც კი სჭირდება, მაგრამ ეს შემთხვევა არ გვაქვს სახეზე მაშინ, როდესაც ტექსტობრივია შეუსაბამობა კონსტიტუციასა და კანონს შორის. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ზუსტად ასეთი ტექსტობრივი შეუსაბამობა კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასა და იმ კანონპროექტს შორის, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გუშინ სხდომის შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.