ირაკლი კობახიძე შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის დირექტორს, იგნაციო კასის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ იგნაციო კასის შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში შვეიცარია, როგორც მოდერატორი ქვეყანა ასრულებს.
„საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. პარლამენტის თავმჯდომარემ იგნაციო კასის საკონსტიტუციო და დეცენტრალიზაციის რეფორმა გააცნო“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, მხარეებმა საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელობაზე.