ირაკლი კობახიძე - შსს მზად არის, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მოხსენება ნებისმიერ დროს წარადგინოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, ნებისმიერ დროსა და ადგილზე წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ესაუბრა.
„დღეს დილით მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ წევრები დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხის განხილვას მოჰყვა.