ირაკლი კობახიძე - შს მინისტრისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა ნიკა მელიას განრიდებას და არა დაკავებას
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტისას დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
საკითხს ირაკლი კობახიძე ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა.
„მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის წევრის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, როგორც მოგეხსენებათ, საქმე ეხება ნიკა მელიას. დავინტერესდი მყისიერად მომხდარით, დავუკავშირდი შინაგან საქმეთა მინისტრს, მქონდა მასთან შეხვედრა და მივიღე განმარტება ამ საკითხზე და დეტალებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე ჰქონდა ადგილი კანონის მოთხოვნათა დარღევას და ნიკა მელია ტერიტორიას გაარიდეს.
„საქმე იყო შემდეგში, ადგილი ჰქონდა შემთხვევის ადგილზე სამართალდარღვევას, კანონის მოთხოვნათა დარღვევას, იყო გარკვეული ქმედებები განხორციელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიმართ და იმისთვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან.
დავინტერესდი, ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებას, განმარტება მივიღე ასეთი, რომ ადგილი ჰქონდა განრიდებას იმისთვის, რომ ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რამე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში. განრიდება მოხდა, შესაბამისად მოხდა ასევე გადაყვანა სხვა ლოკაციაზე, ეს იყო ერთ-ერთი განყოფილება და ნიკა მელია მყისიერად იქნა გათავისუფლებული ინციდენტის შემდეგ. ასეთი განმარტება მივიღე შს სამინისტროდან“, – განაცხადა კობახიძემ.
დაპირისპირება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დღეს მოხდა. დაპირისპირებისას დააკავეს რამდენიმე პირი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის დეპუტატი ნიკა მელიაც იყო.