დაპირისპირება პარლამენტის წინ - ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დაკავებულია ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და რამდენიმე პირი [ვიდეო]
16:20, 11.06.2018
რუსთაველის გამზირზე დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და სხვები. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად გზის სავალ ნაწილზე გადავიდა და საპატრულო პოლიციის უფროს თეიმურაზ კუპატაძესთან მისვლა სცადა.
ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი პირების გადმოსვლას. უდუმაშვილი ამბობს, რომ ავტომობილში შსს-სა და სუს-ის წარმომადგენლები ისხდნენ.
„ნიკა მელია დაკავებულია და წაყვანილია, ჩვენ თვალწინ ჩატენეს მანქანაში და ისე წაიყვანეს. თქვენ ნახავთ, რა მეთოდებით წაიყვანეს საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, დაკავებულია ლევან ხაბეიშვილი და კიდევ ჩვენი ათეულობით თანამებრძოლი. ყველას სახელი და გვარი არ ვიცით, რადგან უცებ გავნახევრდით. დაკავებულია ერთი არასრულწლოვანიც“, – განაცხადა უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ აქცია მაინც ჩატარდება.