ირაკლი კობახიძე - შემოთავაზებები, რომლებიც წარმოდგენილი აქვს ოპოზიციას, საუკეთესო ინსტრუმენტებია მართლმსაჯულების დამორჩილებისთვის
ირაკლი კობახიძე - შემოთავაზებები, რომლებიც წარმოდგენილი აქვს ოპოზიციას, საუკეთესო ინსტრუმენტებია მართლმსაჯულების დამორჩილებისთვის

შემოთავაზებები, რომლებიც წარმოდგენილი აქვს ოპოზიციას, საუკეთესო ინსტრუმენტებია მართლმსაჯულების დამორჩილებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დავუშვათ, რომ დაბრუნდა ავტორიტარული მმართველობა საქართველოში, ასეთი თეორიული დაშვებით რომ ვისაუბროთ, როგორ დაიმორჩილებს სასამართლოს ზუსტად ისეთი კანონპროექტებით, რომელიც ინიცირებული აქვთ ჩვენს ოპონენტებს. წინ უნდა გავიხედოთ. ის გაზრდის კვორუმს იუსტიციის საბჭოში, მაგალითად, შემოიღებს სრულ კონსენსუსს ან ორჯერ ორ მესამედს ან ნებისმიერ წევრს მისცემს პარლამენტში კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობას. ესეც იქნება დამორჩილების ერთ-ერთი კარგი საშუალება. ან უზრუნველყოფს საბჭოში შესული სიის ავტომატურ გადმოგზავნას პარლამენტში, ესეც შესანიშნავი ინსტრუმენტია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ანულირებისთვის. გააუქმებს გამოცდის მოთხოვნას, რათა არაკვალიფიციური, მაგრამ პოლიტიკურად ლოიალური კანდიდატები შეიყვანოს უზენაეს სასამართლოში, საბჭოს წევრებს არ მისცემს საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას, შემოატანინებს საბჭოს სამჯერ მეტ კანდიდატს პარლამენტში და ასე შემდეგ.

შემოთავაზებები, რომლებიც წარმოდგენილი აქვს ოპოზიციას, საუკეთესო ინტრუმენტებია მართლმსაჯულების დამორჩილებისთვის. ამიტომ, წინაც გავიხედოთ. არ დავუშვათ ჩვენ ისეთი საშიში პრეცედენტი, რომელიც მომავალში რომელიმე ხელისუფლებას მისცემს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის საშულებას. ასეთი საშიში პრეცედენტი ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგ წავიდა.