ირაკლი კობახიძე - შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული, თუ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი ფორმებით
ერთმანეთისგან არის გასამიჯნი გარკვეული აქცია, რომელიც სახალხო მღელვარების საფუძველზე იმართება და აქცია, რომელიც აქტივის მობილიზების საფუძველზე იმართება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება, თუ ის მშვიდობიან ფორმას ატარებს.
„ჩვენთვის პატივსაცემია თითოეული მოქალაქე. უბრალოდ ერთმანეთისგან არის გასამიჯნი გარკვეული აქცია, რომელიც სახალხო მღელვარების საფუძველზე იმართება და აქცია, რომელიც აქტივის მობილიზების საფუძველზე იმართება. ეს იყო აქტივის მობილიზაციის საფუძველზე გამართული აქცია, თუმცა თითოეული მათგანი არის ჩვენი მოქალაქე და ჩვენთვის პატივსაცემია. თითოეული მათგანის შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული, რა თქმა უნდა, თუ ეს ყველაფერი იქნება განხორციელებული მშვიდობიანი ფორმებით. აქცია პარტიული აქტივით იყო ორგანიზებული, ეს არის ცალსახა სურათი, რომელიც გამოკვეთილია“, – განაცხადა კობახიძემ.