ირაკლი კობახიძე - შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, მე ეს ინტერესი არ მაქვს, თუ საუბარია, რომ „ხალხის ძალის“ პროექტი ამერიკულს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მოძრაობა „ხალხის“ ძალის კანონპროექტი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონპროექტია.
მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ამერიკული ვარიანტი.
„ანალოგი ნამდვილად არ არის იქედან გამომდინარე, რომ ბევრად უფრო დარბილებულია – ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა. ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული კანონი ბევრად უფრო უხეშია. საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი. რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება, ამით დაინტერესდა. მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ, ეს ინტერესი არ მაქვს. თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისივე თქმით, ჩანს, რომ კანონპროექტი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას.