ირაკლი კობახიძე - შეგვიძლია, ყველა ორგანიზაციას სათითაოდ გავყვეთ და ვნახოთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სადმე თუ ფიქსირდება
ჩვენ შეგვიძლია, ყველა ორგანიზაციას სათითაოდ გავყვეთ და ვნახოთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სადმე თუ ფიქსირდება, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თამარ კორძაიას განცხადებას, რომლის თქმითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება, მათი ნაწილი კი მმართველ გუნდთან არის დაკავშირებული.
კობახიძემ ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებულ სქემაზე, რომლის თანახმად, 129 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან.
მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა იმ 32 ორგანიზაციის ლუსტრაცია მოახდინა, რომელიც საკუთარი თავის პოზიციონირებას დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციად ცდილობს.
„ჩვენ იმ 32 ორგანიზაციის იდენტიფიცირება მოვახდინეთ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ ან მასთან დაკავშირებულ პარტიებს. ეს ორგანიზაციები თავიანთი თავის დამოუკიდებელ ორგანიზაციებად პოზიციონირებას ცდილობენ, რაც ღიმილისმომგვრელია. ჩვენ სწორედ ამის გაშიფვრა მოვახერხეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის მთავარია, ამ ორგანიზაციების ლუსტრაცია მოხდეს, რადგან როდესაც მაგალითად, ორგანიზაცია „2020“ თავს წარმოაჩენს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დამკვირვებელი, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი განშტოება. ასეთი არის 32 ორგანიზაცია. როგორც საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს გავაგებინეთ, რომ ესენი არიან ყალბი დამკვირვებლები, რომლებიც არიან ინტეგრირებული „ნაციონალურ მოძრაობაში“.
რაც შეეხება საბიუჯეტო დაფინანსებას, ცალკე საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებობს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს არჩევნების მიმართულებით. ალბათ, ამ დაფინანსებაზეა საუბარი, მაგრამ როცა ამბობ, რომ ირინა ფუტკარაძე „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული, არავითარი კავშირი მას „ქართულ ცნებასთან“ არ აქვს, ის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი. სხვა ორგანიზაციებსაც გადავამოწმებთ. ჩვენ შეგვიძლია, სათითაოდ გავყვეთ ყველა ორგანიზაციას და ვნახოთ, სადმე თუ ფიქსირდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. თუ დაფიქსირდება ერთი, ორი, სამი შემთხვევა, გადავამოწმოთ ერთად, მაგრამ ჩვენ პირდაპირ ვაჩვენეთ 32 შემთხვევა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი აქტივისტები, მაგალითად შაშკინი, კობა ხაბაზი, ხაბეიშვილი და ა.შ. პირდაპირ ბორდებში არიან ჩასმული. ასეთ დროს აშკარაა, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ეს არის პარტიული სტრუქტურა და შესაბამისად, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, მიმდინარე წელს სახელმწიფო სახსრებით დაფინანსდა 30 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, საიდანაც 677 250 გადანაწილდა „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე.