ირაკლი კობახიძე - შეგიძლიათ, გაიხსენოთ, წარსულში რა კვლევებს აქვეყნებდა IRI, NDI, იმდენჯერ ააცილეს პროგნოზი საარჩევნო შედეგებს, რომ, დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავსაც აღარ ენდობიან
გაიხსენეთ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ არ ატყუებდა ქართულ საზოგადოებას. იმდენჯერ ააცილეს საკუთარი პროგნოზი საარჩევნო შედეგებს, რომ, დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავსაც აღარ ენდობიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, შესაძლებელია, გაკეთდეს ცხრილები, რომელი ორგანიზაცია რა შედეგებს დებდა არჩევნების წინ და საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნა, რომელი კვლევები უფრო ემთხვეოდა საარჩევნო სურათს.
„კიდევ ერთხელ შეგიძლიათ, გაიხსენოთ წარსულში ჩატარებული კვლევები, რა კვლევებს აქვეყნებდა, მაგალითად, IRI, რომელსაც უტარებდა „აიპიემი“, რა კვლევებს აქვეყნებდა NDI, რომელსაც ატარებდა CRRC-ი, რა კვლევებს აქვეყნებდნენ კონკრეტული ტელევიზიები და ამის მიხედვით საზოგადოებას შეუძლია, გამოიტანოს დასკვნები, როგორ სჯობს პროგნოზების გაკეთება. რომელი კვლევები უფრო ემთხვეოდა, საბოლოო ჯამში, იმ შედეგებს, რომლებიც აისახებოდა საარჩევნო სურათში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, გაიხსენეთ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ არ ატყუებდა ქართულ საზოგადოებას. თავის თავს აღარ ენდობიან ეს ორგანიზაციები, იმდენჯერ ააცილეს საკუთარი პროგნოზი საარჩევნო შედეგებს, რომ, დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავსაც აღარ ენდობიან.
ძალიან მარტივად შეგიძლიათ, გააკეთოთ ცხრილი, ვინ რა შედეგებს დებდა არჩევნების წინ და რა შედეგები დაიდო შემდეგ არჩევნებზე. მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ ცხრილი და აქედან გამომდინარე გამოიტანოთ დასკვნები, ვინ ატყუებდა საზოგადოებას და ვინ – არა, მარტივად დადეთ ცხრილი. მეტ სიღრმეში არ შევალ. საზოგადოებას აჩვენეთ ცხრილები, „აირაის“, „ენდიაის“, „გორბის“, შემდეგ დავდოთ არჩევნების ცხრილები და ვნახოთ, ვინ უფრო მეტად ახერხებდა პროგნოზების გაკეთებას. ერთად მარტივად დავდოთ ციფრები, შემდეგ აქედან გამოვიტანოთ დასკვნები. გპირდებით, ჩვენ გავაკეთებთ ამას, გავაკეთებთ ამ ცხრილებს, წარვუდგენთ საზოგადოებას და საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები“, – განაცხადა კობახიძემ.