ირაკლი კობახიძე - საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ელჩი გაემიჯნოს მაპოლარიზებელ ნაბიჯს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ელჩი დგას პოლარიზაციის თუ დეპოლარიზაციის მხარეს
საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ელჩი გაემიჯნოს მაპოლარიზებელ ნაბიჯს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ელჩი დგას პოლარიზაციის თუ დეპოლარიზაციის მხარეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში პრობლემა არის ჭარბი პოლარიზაცია და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა გაემიჯნოს ისეთ აქტივობებს, რომელიც აღვივებს პოლარიზაციას.
„როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ის უნდა დაისაჯოს და ასეთი რეზოლუცია აღვივებს პოლარიზაციას. როდესაც ამას ელჩი არ ემიჯნება, ესეც აღვივებს პოლარიზაციას, აქედან გამომდინარე, ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებაზე და შემცირებაზე, ყველამ უნდა იმოქმედოს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. როდესაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პოლარიზაციისკენ, ეს არის იგივე სანქციებზე გაუთავებელი საუბარი, ეს არის ტექნიკური პარლამენტის შექმნის მცდელობა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, რომელიც არის დაფუძნებული რადიკალური ოპოზიციის მიერ, ეს არის ენჯეოების მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაანონსება სექტემბრისთვის და ა.შ. ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები და ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ელჩი გაემიჯნოს თითოეულ ამ მაპოლარიზებელ ნაბიჯს, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ელჩი დგას პოლარიზაციის თუ დეპოლარიზაციის მხარეს“, – განაცხადა კობახიძემ.