ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ მოგვცა კონკრეტული მინიშნებები, ეს მინიშნებები უნდა გავითვალისწინოთ
საზოგადოებამ მოგვცა კონკრეტული მინიშნებები, ეს მინიშნებები უნდა გავითვალისწინოთ და ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არის ბევრი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოება მგრძნობიარეა.
„ქართულ ოცნებასა“ და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის დეფიციტია და ეს კომუნიკაცია უნდა გახდეს მაქსიმალურად ინტენსიური. უნდა ვნახოთ რა აწუხებს ყველაზე მეტად საზოგადოებას და ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ.
კომუნიკაცია უნდა იყოს ხალხთან მუდმივი. იყო გარკვეული ჩავარდნა განსაკუთრებით შარშან, რომ იყო გარკვეული შიდა უთანხმოებებიც და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, როდესაც არის შიგნით პრობლემებია ასეთ დროს ნაკლები რესურსი რჩება იმისათვის, რომ ხალხთან შეინარჩუნო მაქსიმალურად აქტიური კომუნიკაცია, თუმცა დღეს ეს პრობლემები დაძლეულია.
„როგორც კი დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენ უნდა გადავიდეთ აქტიურ რეჟიმზე, იმისათვის რომ მაქსიმალურად მოვისმინოთ ხალხის მოსაზრებები და ვიმოქმედოთ ამის შესაბამისად. არის ბევრი პრობლემა, რომელიც უკვე გადაიჭრა, არის ბევრი გადაუჭრელი პრობლემა, რაღაცები თეორიულადაც ვერ გადაიჭრება უახლოეს პერსპექტივაში, მაგრამ ბევრი საკითხის გადაჭრა უახლოეს მომავალში შეიძლება. მთავარია, რომ საზოგადოებისგან სწორად მივიღოთ ეს გზავნილები და შემდეგ ამ გზავნილების შესაბამისად, სწორად ვიმოქმედოთ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მეორე ტურში შესაბამისი შედეგის დასადებად სრული მობილიზაციაა.
„პარტიამ სრულად აიღო პასუხისმგებლობა ამ არჩევნებზე და მთელი თავისი რესურსით არის ჩართული ამ მეორე ტურის საპრეზიდენტო კამპანიაში“, – განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.