ირაკლი კობახიძე - საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც კანცლერმა აღნიშნა, ევროკავშირი აერთიანებს თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე
საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ბატონმა ფედერალურმა კანცლერმა ორი წლის წინ ძალიან სწორად აღნიშნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში.
„ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს. ამას ვაკეთებთ ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს.
ასევე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ლანდშაფტზე და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რისთვისაც ბატონ ფედერალურ კანცლერს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე“, – აღნიშნა პრემიერმა.