ირაკლი კობახიძე - საქართველოში ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება, ეს არის ცვლილება 2012 წლის შემდეგ
ირაკლი კობახიძე - საქართველოში ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება, ეს არის ცვლილება 2012 წლის შემდეგ

ჯერ კეთილი ინებონ ჩანაწერის ავტორებმა და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რაიმე სიმართლის ნიშანწყალი გამოიკვეთება, ამის რომ ეშინიათ, სავარაუდოდ, მაგიტომ ვერ აძლევენ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ჩანაწერებში უამრავი კომიკური ფაქტი იყო.

„ორი კაცი როცა წერს რაღაცას ჯერ იმათგან უნდა გაარკვიო რამე ხდება თუ არა ამ შემთხვევაში. ჯერ გავიგოთ კაცო ოქუაშვილისგან და ყიფიანისგან რამე ხდება საერთოდ?

არანაირი მტკიცებულების ნიშანიც კი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ჯერ კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა, ვინც არიან ავტორები ამ ჩანაწერის – ეს არიან ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი, მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს და თუ რაიმე ნიშანწყალი გამოიკვეთება და ამის რომ ეშინიათ, სავარაუდოდ, მაგიტომ ვერ აძლევენ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს. უამრავი კომიკური ფაქტი იყო ამ ჩანაწერებში, მაგალითად ოქუაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ზაფხულში იყო გადაღებული და ეცვა იმსისქე „დუბლიონკა“, რომ ზაფხულში ნამდვილად ვერ ჩაიცვამ. უამრავი კომიკური ფაქტია ამ ყველაფერში. ჯერ პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რომ რაიმე შეხება აქვს თუ არა სერიოზულობასთან ამ ჩანაწერებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როგორც კი სერიოზულობის ნიშანი გამოიკვეთება, კონკრეტულ საქმეში მაშინვე იკითხება ყველა ფიგურანტი, მაგრამ, მისივე შეფასებით, დღეს ეს ნიშნები არ არის გამოკვეთილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება და ეს არის ცვლილება 2012 წლის შემდეგ.

„ყველა საქმეში ასე ხდება – როგორც კი სერიოზულობის ნიშანი გამოიკვეთება კონკრეტულ საქმეში მაშინვე იკითხება უკვე ყველა ფიგურანტი. მაგრამ დღეს ეს ნიშნები არ არის გამოკვეთილი. თუ გამოიკვეთება, კეთილი ინებონ ოქუაშვილმა და ყიფიანმა, მივიდნენ და აჩვენონ პროკურატურას, რომ სერიოზულობის პატარა ნიშანი მაინც აქვს ამ საქმეს. როგორც კი გამოიკვეთება, მაშინვე შეიძლება ვისაუბროთ სხვა მოქმედებებზე. ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება საქართველოში. ეს არის ცვლილება 2012 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რომ სანდრო გირგვლიანი ამ ადამიანებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ისე მოკლეს, რომ ბოლომდე დააფარეს ხელი მკვლელებს. ეს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს. ყველა ადამიანი ექვემდებარება სამართალდამცავ სისტემას, ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად სტატუსისა და სხვადასხვა მდგომარეობებისა, დღეს ეს არის მთავარი მიღწევა. 2012 წლამდე იყო სხვა ვითარება, კუდ-ის დეპარტამენტის უფროს შეეძლო მოეკლა კაცი და მას არ ეხებოდა სამართალდამცავი სისტემა, ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​