კონსტიტუციური ჩარჩო იძლევა საქართველოში ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის შესაძლებლობას, თუმცა, საჭიროა შემდგომი მუშაობა, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს მოქმედი კანონმდებლობა, უნდა დაიხვეწოს პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე „პარლამენტის საზედამხედველო როლი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე: ახალი მარეგულირებელი ჩარჩო და საუკეთესო პრაქტიკა“, გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ადამიანის უფლებების მარეგულირებელ ნორმებსა და მათში ასახულ კონსტიტუციურ გარანტიებზე ისაუბრა.
მისი თქმით, განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა საპარლამენტო დღის წესრიგში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იყო, რასაც საპარლამენტო მუშაობის მთელი წელიწადი დაეთმო.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტმა მიაღწია შედეგს, მიზანს, რომელიც იმთავითვე იყო დასახული. ამ რეფორმის უმთავრესი მიზანი იყო კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების განმტკიცება. ჩვენი კონსტიტუცია ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს: დემოკრატიის პრინციპი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი გახლავთ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. ეს ფუნდამენტური პრინციპები არის მკაფიოდ ასახული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველ თავში და ასევე, მკაფიოდ არის მოწესრიგებული კონსტიტუციის მეორე თავი, რომელიც არის დაკავშირებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერი კარგი კონსტიტუცია იმ შიშებს ეფუძნება, რომელიც შესაბამისი სახელმწიფოს თუ საზოგადოების რთულ წარსულს უკავშირდება.
„კონსტიტუცია, კარგ შემთხვევაში, ისახავს მიზნად იმ ნეგატიური პროცესების თავიდან არიდებას, რომელიც შესაბამისი ქვეყნის თუ საზოგადოების წარსულთან იყო დაკავშირებული. დაგვიგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება 90-იანი წლების დასაწყისიდან. როგორც მოგეხსენებათ, 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი პრობლემა გახლდათ ძალაუფლების კონსოლიდაცია, ავტოკრატია, რომელიც სხვადასხვა ფორმით იყო ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ავტოკრატია შედეგად იძლეოდა, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების ხელყოფას და განსაკუთრებით ეს გამოვცადეთ 9 წლის განმავლობაში, 2012 წლამდე პერიოდში. ის პერიოდი იყო მძიმე, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაზე დიდი სიმძიმე დაკავშირებული იყო ადამიანის ღირსების ტოტალურ ხელყოფასთან, ადამიანის უფლებების სისტემურ ხელყოფასთან. კონსტიტუცია, რომელიც შემუშავებულ იქნა, ახალი რედაქცია, რომელიც შემუშავდა საქართველოს პარლამენტის მიერ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ, მიზნად ისახავდა სწორედ ასეთი რისკების, საფრთხეების პრევენციას. ეს მიზნები არის სათანადოდ მიღწეული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ დეტალურად მიმოიხილა კონსტიტუციის ახალი რედაქციის მეორე თავი, რომელიც ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას უკავშირდება.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, კონცეპტუალური, პროგრამული განაცხადი, რომელიც აისახა კონსტიტუციის ახალი რედაქციის მეორე თავში, არა რაიმე სხვა ნორმით, არამედ, სწორედ ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის განმამტკიცებელი ნორმით იწყება კონსტიტუციის ახალი რედაქციის მეორე თავი. მე ვიტყოდი, ეს არის კონსტიტუციის ახალი რედაქციის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობის პროცესში, მეორე თავში ასახულ თითოეულ ნორმაზე მუშაობას დიდი ყურადღება დაეთმო.
მისივე თქმით, კონსტიტუციაში ახალი ძირითადი უფლებები გაჩნდა.
„ამ უფლებების დიდი ნაწილი არაპირდაპირი ფორმით მანამდეც იყო, ბუნებრივია, გარანტირებული ჩვენი სამართლებრივი სისტემით, თუმცა, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი იყო ამ ძირითადი უფლებების მკაფიოდ გაწერა კონსტიტუციის მეორე თავში და ეს მიზანი იქნა სათანადოდ მიღწეული. ეს არის, მაგალითად, ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება, რომელიც მანამდე არ იყო მოხსენიებული კონსტიტუციაში, მკაფიო ჩანაწერი გაჩნდა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებას. გაჩნდა ცალკე ჩანაწერი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის თაობაზე. ინტერნეტის თავისუფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის და მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის გარანტიები, ესეც არის ნოვაცია საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. გაჩნდა ადამიანის ძირითადი უფლება, სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე, რაც არის უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. ამით ნამდვილად არის გამორჩეული ჩვენი კონსტიტუცია, თუნდაც ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნის კონსტიტუციისგან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა აკადემიური თავისუფლება და საუნივერსიტეტო ავტონომია, რაც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ხაზგასმით გაიწერა.
ასევე, მისივე განცხადებით, ახალი უფლებაა ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება. ამასთან, სპეციალური ნორმა დაეთმო საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ, პირის საქართველოდან გაძევების ან ექსტრადიციის აკრძალვას.
„ეს არის ახალი რეგულაციები, რომლებიც მკაფიოდ ადგენს ძალიან მაღალი სტანდარტით ახალ ძირითად უფლებებს ჩვენს კონსტიტუციაში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მთელ რიგ შემთხვევაში, უფრო მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე, განუსაზღვრელი ფორმით ჩამოყალიბდა იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომელთა მიხედვითაც აკრძალულია ადამიანის დისკრიმინაცია; გაუმჯობესდა დაცვის სტანდარტები პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებებისათვის; გაუმჯობესდა ჩანაწერები, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
„იგივე ეხება გაერთიანების თავისუფლებას, საარჩევნო უფლებას, სადაც უკვე მკაფიოდ განისაზღვრა კონსტიტუციის დონეზე საარჩევნო ცენზები, საარჩევნო ცენზები აღარ ექვემდებარება დაკონკრეტებას კანონმდებლობის, ჩვეულებრივი კანონმდებლობის დონეზე, რაც უფრო მაღალი სტანდარტით იცავს ადამიანის საარჩევნო უფლებას. გაჩნდა ასევე, ახალი ჩანაწერები შრომის თავისუფლებისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ. აქაც არის გაუმჯობესებული დაცვის სტანდარტი კონსტიტუციის დონეზე, რაც შემდგომ უკვე აისახა და შემდგომშიც აისახება მიმდინარე კანონმდებლობაში. ჯანდაცვის უფლების თაობაზე გვაქვს ახალი ჩანაწერი. აქაც უფრო მაღალი სტანდარტია ამ უფლების დაცვის. ეკოლოგიურ უფლებებთან დაკავშირებით გაჩნდა ახალი ჩანაწერები, მაღალი სტანდარტით არის დაცული ამ შემთხვევაშიც ეს ძირითადი უფლება. გვაქვს ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჩანაწერები საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ცვლილებებისა, რომლებიც აუმჯობესებს, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს კონსტიტუციის დონეზე ახალი რედაქციის მიხედვით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასევე გაჩნდა ჩანაწერი თანაზომიერების პრინციპის შესახებ, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებსაც.
„ქართული სამართლის თეორიაში თანდათანობით ვითარდებოდა ეს პრინციპი, თუმცა, არ გვქონდა მკაფიო ჩანაწერი თანაზომიერების პრინციპის თაობაზე კონსტიტუციის დონეზე და ეს ცვლილებაც შეეხო კონსტიტუციის ახალ რედაქციას. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებს. იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის გარანტიები, სამოქალაქო სექტორის ინიციატივის საფუძველზე, შეიცვალა უფლებამოსილების ვადა, გაიზარდა უფლებამოსილების ვადა, შეიცვალა სახალხო დამცველის არჩევის წესი. როგორც მოგეხსენებათ, კვალიფიციური უმრავლესობით, სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევა სახალხო დამცველი თანამდებობაზე, ასევე, გაიწერა ნორმა ზედიზედ ორჯერ, ერთსა და იმავე თანამდებობაზე არჩევის დაუშვებლობის თაობაზე, კონსტიტუციას დაემატა ჩანაწერი სახალხო დამცველის იმუნიტეტის შესახებ და ასევე, შეიცვალა ჩანაწერი უფლებამოსილებების თაობაზე, რომელიც ახლა უკვე იძლევა სახალხო დამცველის უფლებამოსილებების კანონის დონეზე გაფართოების შესაძლებლობას. ეს არის ნორმები, რომლებიც უკავშირდება მუხლს სახალხო დამცველის თაობაზე. ყველა მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესში, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და მათ გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მხედველობაში იქნა მიღებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიამ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გასცა.
„არც ერთი ისეთი ნორმა არ არის გაწერილი, ზოგადად, ახალ რედაქციაში, ასევე, კონსტიტუციის მეორე თავში, რომელიც შეიძლებოდა, შეფასებულიყო თავისი შინაარსით არაკონსტიტუციურად ვენეციის კომისიის მიერ, რაც არის, უდავოდ, ძალიან მაღალი შეფასება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გამოსვლისას, მან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში პარლამენტის როლზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადამიანის უფლებების სფეროში საზედამხედველო ფუნქციის უკეთ შესრულების კუთხით.
„კონსტიტუციის ახალი რედაქცია აძლიერებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, ძლიერდება მისი საზედამხედველო ფუნქციები. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, გადამუშავდა პარლამენტის რეგლამენტი. გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც კონსტიტუციის ტექსტიდან გამომდინარეობდა, რეგლამენტს დაემატა ახალი ინსტრუმენტებიც, რომლებიც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს აძლიერებს და რეგლამენტის რეფორმა შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს, ზოგადად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების თვალსაზრისით და ასევე, კონკრეტულად, ადამიანის უფლებების სფეროში ჩვენი საზედამხედველო ფუნქციის უკეთ შესრულების თვალსაზრისით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და თავის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს ახალი რეგლამენტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ საჯარო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
„პარლამენტის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს როლი და ფუნქცია მაქსიმალურად პირნათლად შევასრულოთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე.