ირაკლი კობახიძე - საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევების მიმართ გვაქვს მშვიდობიანი მიდგომა და ვახორციელებთ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავზე, საქართველოს მხარდასაჭერად თბილისს ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი სტუმრობენ.
საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში გამოხატული მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომებზე ისაუბრა.
„პროგრესი, რეფორმები და წინსვლა საუკეთესო გადაწყვეტაა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიცაა ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა, საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ხედვა და ვახორციელებთ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მშვიდობიან განვითარებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს არ არის გაყინული კონფლიქტი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი რეჟიმი დღემდე აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას და უკანონო დევნა-შევიწროებას.
ირაკლი კობახიძემ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” სანქციების მხარდაჭერისთვის ლიეტუვას მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების გვერდში დგომის მნიშვნელობა.
პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრების მხრიდან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა და აღნიშნა, რომ მათი საქართველოში ვიზიტი სოლიდარობის დემონსტრირებაა.
„ყველანი ვხედავთ და კარგად ვაცნობიერებთ საქართველოს ტერიტორიებზე თავდასხმის შედეგებს. შეუძლებელია მოვითმინოთ და ვაღიაროთ ტერიტორიების ძალით მიტაცება. ქართველი ხალხის მხრიდან პროევროპული ხედვა და ნატო-სთან ინტეგრაციის განწყობა მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. საქართველომ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გააგრძელოს რეფორმების კურსი, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ ინსტიტუტებს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს“, – განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გია ვოლსკი და სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.