პარლამენტში კონფერენცია - "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" გაიხსნა
საქართველოს პარლამენტში კონფერენცია – “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები” მიმდინარეობს.
კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესზე. ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნა. მისი თქმით, ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტმა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა, საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული და ლიბერალური რეფორმების წარმატება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს.
„ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გარანტია იქნება, ამიტომაც, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ინტერესები და ენერგია ამ მიზნის შესრულებისკენ უნდა იყოს მიმართული. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ევროკავშირის მომავლის თაობაზე თავად მის წევრ-სახელმწიფოებს შორის არსებობს. ამის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტად იზიარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, რაც ნიშნავს, რომ დასავლური თანამეგობრობის წევრობა ხელისუფლების სურვილი კი არა, ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინებაა.
სასიხარულოა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ არის მხოლოდ ხელისუფლების მიზანი და საზრუნავი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იყო და არის ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის აზრების გაცვლა და ძალისხმევის კოორდინირება მისასალმებელია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის წარმომადგენლობას, პირადად ბატონ იანოშ ჰერმანს, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისათვის.
ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის წევრებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დღევანდელ დისკუსიებში.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობა ევროკავშირთან ასოცირების საკითხების განხილვაში რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.
„უპირველეს ყოვლისა, თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი, მართვის უნარი და კომპეტენცია საქართველოს მოსახლეობისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის იმის ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება და მალე შეძლებს მიაღწიოს ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო სტანდარტებს. თქვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები დიდ სამსახურს უწევს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას საჭირო საკანონმდებლო ბაზისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რითაც იზრდება ხელისუფლების წარმატებისა და ეფექტურობის დონე. თქვენი მონაწილეობა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ზრდის ამ პროცესისა და მისი შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს და ბევრად მეტ ადამიანს აძლევს ამ ისტორიულ საქმეში ჩართვის საშუალებას. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ჩვენს საერთო მიზნებს ემსახურება – მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანისა და სოციალური ჯგუფის შესაძლებლობების გამოვლენისთვის უკეთესი ვითარების შექმნას. ასე, რომ ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პარტნიორები ვართ და პარტნიორები უნდა ვიყოთ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.