ირაკლი კობახიძე დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, კარლო ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო)ჩხეიძის შთამომავლებს – მირიან და ელენე მელუებს შეხვდა.
მირიან და ელენე მელუებმა ირაკლი კობახიძეს სამახსოვროდ, ნიკოლოზ ჩხეიძის დიპლომატიურ პასპორტი გადასცეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ნიკოლოზ ჩხეიძის საფლავი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ხსოვნას პატივს მიაგო.
სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს. მოვალეობის შესრულებას კარლო ჩხეიძე 1920 წლის მიწურულს, პარიზის საზავო კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ შეუდგა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულმა საქართველოს ანექსიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და მასთან ერთად, კარლო ჩხეიძეც, იძულებული გახადა საზღვარგარეთ ემიგრაციაში გადახვეწილიყო. მან მოღვაწეობა პოლიტიკურ ემიგრაციაშიც აქტიურად გააგრძელა.
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე 1926 წელს, ლევილში გარდაიცვალა. ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზეა დაკრძალული.