საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისთვის, კრიტიკისთვის და აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებასთან – გვწამს, რომ ჩვენი დემოკრატიის ძლიერება ამგვარ თანამშრომლობას ემყარება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის ამაყობდა საკუთარი სამოქალაქო საზოგადოებით, რომლის ხმაც, ქართულ პოლიტიკაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით გაძლიერდა და გააქტიურდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ეს უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი მცდელობაა ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიების სამოქალაქო საზოგადოებების გაძლიერების მიზნით. ეს ასევე გახლავთ უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, მოვახდინოთ იმ თანამოაზრეთა საზოგადოების სოციალიზება, რომლებიც მოტივირებულნი არიან, რათა უკეთესობისკენ შეცვალონ საკუთარი ქვეყნები და ასევე განიხილონ საკითხები, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად მიმდინარე და მწვავე პოლიტიკური დებატებისა, საქართველოში კარგადაა გაცნობიერებული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტი ღია იყო სამოქალაქო საზოგადოების წევრებისათვის.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა სამაგალითო იყო 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ისევე, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივა.
„უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ სამოქალაქო საზოგადოებისადმი მათი ჩართულობის, კრიტიკისა და პარტნიორობისათვის. ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში ვმასპინძლობთ, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრში, კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი მხარდაჭერისა სამოქალაქო საზოგადოებისადმი. საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისთვის, კრიტიკისთვის, აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებასთან. გვწამს, რომ ჩვენი დემოკრატიის ძლიერება ამგვარ თანამშრომლობას ემყარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დემოკრატიების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ორი რამ, რაც ამ პროცესის ნეგატიურ გავლენას შეამცირებს.
„ჩვენ სასტიკი რეალობის წინაშე ვდგავართ: მსოფლიო იცვლება, დემოკრატიებს თავს ესხმიან და არყევენ არადემოკრატიული და არალიბერალური ძალები, რომლებსაც არ არის აუცილებელი, სამხედრო ფორმა ეცვათ. ეს სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ ზოგიერთს უკვე ეჭვიც კი უჩნდება ლიბერალური დემოკრატიის მომავალში. არ არსებობს მზა ფორმულა, რომელიც გადაგვარჩენს ამ ტურბულენტური პერიოდისგან. თუმცა, ჩვენ გვწამს, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ორი რამ, რაც შეამცირებს ამ პროცესის ნეგატიურ გავლენას.
ადგილობრივ დონეზე, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება. ამგვარი რეფორმები უზრუნველყოფს გრძელვადიან ლეგიტიმურობასა და გაზრდის საზოგადოების ნდობას საჯარო დაწესებულებების მიმართ. რაც შეეხება საერთაშორისო დონეზე გადასადგმელ ნაბიჯებს, ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ საკუთარი რესურსები იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც გამალებით ცდილობენ, საფუძველი შეურყიონ ჩვენი საზოგადოებების დემოკრატიულ წყობას და საფრთხის ქვეშ დააყენონ ჩვენი ქვეყნების მთლიანობა. უსაფრთხოება და სტაბილურობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თავიდან ავიცილოთ დემოკრატიის მოწყვლადობა, რასაც მესამე ძალები ცდილობენ. ამბიციური შიდა რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერა ასევე კარგი საშუალებაა ჩვენი საზოგადოებების დემოკრატიული ორგანიზაციების გასამყარებლად. სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე გადის მათ გამჭვირვალობაზე და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე, ასევე მტკიცე პოლიტიკურ განსჯადობაზე“,- განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი უპასუხისმგებლო ქმედება ან პოლიტიკური მიკერძოება მესამე სექტორის ნებისმიერი პირის მიერ, შეიძლება იყოს და აუცილებლად იქნება წარმატებით გამოყენებული ავის მსურველების მიერ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურობისა და უფლებამოსილების წინააღმდეგ“.
როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკავშირს შეუძლია და უნდა შეასრულოს გადამწყვეტი როლი დემოკრატიული ცვლილების პროცესში.
„ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირის მიმართ მისი მონაწილეობისთვის საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში. საქართველო ვერ გაივლიდა ამხელა გზას ამ მხარდაჭერის გარეშე. ვეთანხმები ასამბლეის მოწოდებას, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევები უფრო აქტიურ მიდგომებს მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეათე ყოველწლიური ასამბლეა მეტ ნათელს მოფენს ამ ამოცანას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.