ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტში ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მთლიანად გაითვალისწინა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტში ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მთლიანად გაითვალისწინა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ასევე გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტზე რეკომენდაციები.
„რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ამასთან დაკავშირებით იყო რეკომენდაციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ჩვენ ეს გავიზიარეთ. არც პირველ ეტაპზე, არც მეორე ეტაპზე, სადაც არის რეალურად ინტერესთა კონფლიქტი და არც საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის დროს, არ აქვს რეალურად საბჭოს წევრს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ანუ ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მთლიანად გათვალისწინებულია კანონპროექტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პრეზიდენტები წარადგენდნენ, რასაც არასდროს მოჰყოლია კრიტიკა, მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც, რომლებიც დაკავშირებული არიან „ნაცმოძრაობასთან“ და დღეს ასე მწვავედ აკრიტიკებენ იუსტიციის საბჭოს მიერ ერთ დღეში კანდიდატების წარდგენას.
„როგორც ჩანს, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი ნათელ ოთახში წერდა სიებს და ახლა იუსტიციის საბჭომ ბნელ ოთახში დაწერა ის სია, რომელიც იქნა წარმოდგენილი. ანუ გარკვეული ტრადიცია იყო ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.
რაც შეეხება კრიტიკას, ჩვენც გავიზიარეთ და ზუსტად ამიტომ დავიწყეთ მუშაობა პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერაზე. ზოგადად, ამ პროცედურას აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ორ ორგანოს ანიჭებს კონსტიტუციურ ძალაუფლებას. პირველი – ეს არის იუსტიციის საბჭო, რომელსაც მინიჭებული აქვს კონსტიტუციური ძალაუფლება, რომ პარლამენტს წარმოგვიდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და მეორე – ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, აირჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ბუნებრივია, კანონპროექტი უნდა მომზადდეს კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში. ზუსტად ამას ეფუძნება ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი. ამ ჩარჩოში მიზნად დავისახეთ ღია და გამჭვირვალე პროცედურის გაწერა, რომელიც იქნებოდა რამდენიმესაფეხურიანი და ამ საფეხურებს აქვს ის დატვირთვა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დაკვირვების სათანადო საშუალება. ეს იყო მთავარი ამოცანა, როდესაც საფეხურებზე იყო საუბარი და ზუსტად ამ პრინციპებს ეფუძნება კანონპროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპონენტებმა წარადგინეს რეკომენდაციები. მათგან ერთ-ერთი შეეხებოდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ამოღებას.
„ჩანს შიში იმ კრიტერიუმის მიმართ, რასაც ჰქვია კვალიფიკაცია. გამოცდა არის მთავარი ინსტრუმენტი კვალიფიკაციის შესამოწმებლად. როდესაც საუბარი იყო ინტერვიუს ჩატარებაზე საბჭოში, მოთხოვნა იყო, კითხვები წინასწარ შეთანხმებულიყო მოსამართლე და არა მოსამართლე წევრებს შორის. იყო საოცარი შიში კვალიფიკაციის კრიტერიუმის მიმართ და ამას ეფუძნება მოთხოვნა გამოცდის კრიტერიუმის ამოღების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, ასევე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, სახალხო დამცველის აპარატი და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა შეეცადა მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა ყველა რეკომენდაცია, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებში თავსდებოდა. ამასთან, მისივე თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება.
„გამოვთქვით მზადყოფნა და დღესაც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ თუ ორ კვირაში არ მოესწრება ვენეციის კომისიის დასკვნის წარმოდგენა, გვინდა, რა თქმა უნდა, ორ კვირაში ამ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება, რადგან გაჭიანურებამ შეიძლება უზენაეს სასამართლოში კოლაფსი გამოიწვიოს. ივნისში რჩება რვა მოსამართლე, რაც არის კატასტროფა. მზად ვართ, კიდევ ორი კვირით გადავწიოთ საკითხის განხილვა, თუ ვენეციის კომისია ორ კვირაში ვერ მოასწრებს საკუთარი დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგ წავიდა.