ქრისტიანობა ქართველი ხალხისათვის არ იყო მხოლოდ რწმენა ან ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საშუალება, ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართულ ხელოვნებას, ლიტერატურას, საზოგადოებრივ ფასეულობებს, ურთიერთობის კულტურას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომელიც თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხნა.
მისი თქმით, ქართველი ერი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქრისტიანობა ჭეშმარიტ სარწმუნოებად აღიარა და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
„თქვენი მასპინძელია ქვეყანა, რომელიც რწმენის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად საუკუნეების მანძილზე იბრძოდა და ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
ქრისტიანობა ქართველი ხალხისათვის არ იყო მხოლოდ რწმენა ან ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საშუალება. ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართულ ხელოვნებას, ლიტერატურას, საზოგადოებრივ ფასეულობებს, ურთიერთობის კულტურას. ქრისტიანობით შთაგონებული ღირებულებები – შემწყნარებლობა, დათმენა, მიტევება, ადამიანის უფლებების პატივისცემა ის საფუძველია, რომელზეც დგას ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო.
ქრისტიანულმა თვისებებმა – მოთმინებამ, გამძლეობამ, მომავლის რწმენამ და გამბედაობამ, გადაარჩინა საქართველო, როგორც სახელმწიფო და მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, თავისუფლებამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ საქართველოს ყველაზე მტკივნეული პრობლემა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია.
„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია. ეს გარემოება შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის, არამედ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა, ამ რწმენის შესაბამისი ქმედებით უნდა გამოიხატოს.
მიუღებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცდილობენ, ძალით წაგართვან საუკუნეების განმავლობაში გადარჩენილი მიწა-წყალი. მეტიც, ოკუპირებულ მიწებზე კლავენ და იტაცებენ ადამიანებს, ბავშვებს ართმევენ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას, ინგრევა ეკლესიები და სახლები, მიზანმიმართულად იშლება ქართული კულტურის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული კულტურის კვალი. დამეთანხმებით, რომ ყოველივე ამას ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს საერთო“, – განაცხადა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხის დღევანდელი პოლიტიკური კურსი საქართველოს ისტორიული არჩევანია.
„ჩვენი ხალხი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით ხვდება ყველას, განსაკუთრებით კი, მართლმადიდებლებს, რაც მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ხალხები აგრძელებენ ერთმანეთის პატივისცემასა და ერთმანეთთან თანამშრომლობას.
დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილმოსურნე ურთიერთობებიც აღდგება. ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიიდან კარგად ვიცით, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა, რომელსაც ქრისტიანული მორალი უმაგრებს ზურგს, აუცილებლად წარმატებული იქნება. დღეს ქართველი ხალხის ძალისხმევა მიმართულია თავისუფლების განმტკიცებისაკენ, ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისკენ და ღირსეული, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების გაძლიერებისაკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ბრძოლაში საქართველოს მეგობრების იმედი აქვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც ქრისტიანულ ღირებულებებს იზიარებენ და საქართველოს მისწრაფებებს პატივს სცემენ.
„მინდა მოგიწოდოთ, რომ ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, რომ პარლამენტებს შორის თანამშრომლობამ აღკვეთოს ქვეყნებს შორის აგრესია, სხვისი ტერიტორიის ოკუპაცია, მიწებისა და მოსახლეობის ანექსია და ამით ხელი შევუწყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ჩვენს ხალხებს შორის.
მოხარული ვარ, რომ დღეს, თბილისში, 20-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან და მათთან ერთად ვიმსჯელებთ საკითხებზე, რომელიც ყველას გვაერთიანებს, თუ რა როლი შეუძლია, შეასრულოს პარლამენტებმა თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში და მათი უკეთესობისკენ შეცვლაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გასულ წელს, საქართველოში დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის ხანგრძლივი და რთული პროცესი.
„შედეგად, ჩვენ მივიღეთ საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული კონსტიტუცია. სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა კონსტიტუციურ დონეზე გაიწერა და მაღალ დონეზე ავიდა. საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
დღეს, როდესაც მსოფლიოში ძალიან ძლიერია პოლიტიკური პოლარიზაცია და დაპირისპირება, მხოლოდ პარლამენტებს, ხალხის რჩეულებს შეუძლიათ დაძლიონ სახელმწიფოებს შორის და ქვეყნებს შიგნით არსებული წინააღმდეგობები, დააახლოონ პოზიციები და მიაღწიონ მეტ ურთიერთგაგებასა და მშვიდობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო რელიგია და კულტურული ტრადიციები, ხოლო ჩვენ, პარლამენტარებს, გვაერთიანებს ხალხის მიერ მოცემული მანდატი და ხალხზე ზრუნვის ვალდებულება. ვფიქრობ, ეს კარგი საფუძველია წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა.
19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე სტუმრობს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა.