ირაკლი კობახიძე - მთავარი ამოცანაა, ავლაბრის სასახლის შენობა საზოგადოებას, ხალხს მოემსახუროს
ირაკლი კობახიძე - მთავარი ამოცანაა, ავლაბრის სასახლის შენობა საზოგადოებას, ხალხს მოემსახუროს

სამუშაო ჯგუფი განიხილავს, რა ფუნქციით შეიძლება ავლაბრის სასახლის შენობის გამოყენება ყველაზე უკეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იდეის დონეზე მოწონებული იქნა მოსაზრება, რომ ავლაბრის სასახლეში საქართველოს ეროვნული კულტურის ცენტრი და სამუზეუმო სივრცე მოეწყოს.

„ეს იდეის დონეზე იქნა მოწონებული. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც განიხილავს ვარიანტებს, ვერსიებს, თუ როგორ შეიძლება ყველაზე უკეთ ამ შენობის გამოყენება. მთავარი ამოცანაა, შენობა მაქსიმალურად მოემსახუროს ჩვენს საზოგადოებას, ხალხს და სწორედ ამ იდეით იქნება ნაკარნახევი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა. ვფიქრობ, ფინანსურადაც და სოციალური თვალსაზრისითაც ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. ჯგუფის პირველი შეხვედრა 5 თებერვალს იგეგმება.