ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის განმარტება 2008 წლის ომზე განცხადების შესახებ „ქართული ოცნების“ პოზიციას შეესაბამება
სალომე ზურაბიშვილის განმარტება 2008 წლის ომზე განცხადების შესახებ „ქართული ოცნების“ პოზიციას შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, სათანადოდ განახორციელოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები.
„სალომე ზურაბიშვილს აქვს სათანადო დამოკიდებულება ყველა საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ ომის საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განმარტება მის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი განმარტება შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოზიციას. შეგახსენებთ, რა იყო ეს განმარტება: სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი, ის იყო შესაბამისად ომის ინიციატორი. მისი სცენარით წარიმართა პროცესები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, თუმცა ამ სცენარის განხორციელების აუცილებელი პირობა იყო ის მოქმედებები, რომელიც განახორციელა სამწუხაროდ მაშინ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ. რომ არა ავანტურისტული მიდგომა, რომ არა უგუნურება, ვერ შეძლებდა რუსეთის ფედერაცია თავისი ამ სცენარის განხორციელებას. ეს იყო მიზი დაზუსტება, დაკონკრეტება და ეს სრულად შეესაბამება ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.