ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით არარელევანტურია, მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ საბოტაჟი
სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით არარელევანტურია, მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არარელევანტურია, გამომდინარე იქიდან, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკო-ს ჩიხიდან გამოყვანას. მან ამით დაადასტურა საბოლოოდ, რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია“,- აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საუბრისას მოიყვანა მაგალითები, სად შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბნები, მათ შორის, ისაუბრა საკვირაო სკოლებისა და სხვადასხვა ფართის გამოყენების შესაძლებლობაზე.
„სხვადასხვა ქალაქში, სადაც ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, არის სივრცეები – ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვადასხვა ფართი, რასაც იყენებენ დიასპორული ორგანიზაციები და აცხადებენ, მზად ვართ, ეს ფართი დავუთმოთ საარჩევნოდ ან ვიმუშაოთ, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, ასეთი სივრცე მოვიპოვოთო. არსებობს პრაქტიკაც მოლდოვის მაგალითზე, როცა პარტნიორი ქვეყნები ჩვენ სასარგებლოდ გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი გამოსავალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.